top of page

რატომ არა “რუსულ კანონს”

ავტორი: სალომე ჯაში


რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია თბილიში

კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელსაც შემოკლებით “რუსულ კანონს” ვეძახით, სხვა სფეროებთან ერთად, საფრთხეს უქმნის ქართულ საავტორო კინოს. 


რაში მდგომარეობს ეს საფრთხე და როგორ იმოქმედებს კანონი საავტორო კინოს წინააღმდეგ?


კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში, ის დაავალდებულებს ყველა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს - ა(ა)იპ - და ყველა მედია ორგანიზაციას დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, თუ  მისი შემოსავლის 20%-ზე მეტი მოდის უცხო ქვეყნიდან. 


კინოს - განსაკუთრებით კი დოკუმენტური კინოს - მწარმოებელი კომპანიების / ორგანიზაციების რეგისტრაცია ზოგიერთ შემთხვევაში არის სწორედ ა(ა)იპ, რადგან ისინი არაკომერციულ პროდუქტს ქმნიან. ხშირ შემთხვევაში, ამ ორგანიზაციებში ფილმის შექმნისთვის საჭირო დაფინანსების ნაწილი მოდის საერთაშორისო ფონდებიდან თუ წყაროებიდან, იქნება ეს საერთაშორისო კოპროდუქციის ფორმატით, თუ პირდაპირი დაფინანსების მოპოვებისას. 


ახლა მნიშვნელოვანი დეტალი: ფილმის იდეა ჩნდება ფილმის ავტორში, არც მეტი არ ნაკლები, მის გონებაში, გულსა თუ გრძნობათა სხვა სისტემაში. ხშირად ავტორი იგივე რეჟისორია. ის იწყებს ფილმის იდეის განვითარებას და ამის შესაბამისად იზიდავს შესაბამისი დაფინანსებას. კინო სექტორში ფონდები დაფინანსებას გასცემენ ფილმის იდეის, მისი განვითარების, მისი პოტენციალის ხარისხის გათვალისწინებით. მაგალითად, რომელიმე ევროპული ფონდის ჟიური, როდესაც ფილმის პროექტს განიხილავს, იმას კი არ ამბობს, აი, დავაფინანსოთ ის იდეა, რომელიც ამა თუ იმ ქვეყანის მთავრობას აკრიტიკებს. ამ ჟიურისთვის შეფასების მთავარი კრიტერიუმი ფილმის შემოქმედებითობაა, კინოენაა, იდეის, ხედვის ორიგინალურობაა. 


რამდენი დაფინანსებაც არ უნდა მოიპოვოს კინოპროექტმა, ფილმის იდეა ბოლომდე - საწყისიდან დასასრულამდე - ეკუთვნის ფილმის ავტორს და მასზე არავითარი გავლენის მოხდენის უფლება არ აქვს არც ერთ ფონდს თუ სხვა ფინანსურ წყაროს.


დოკუმენტურ კინოში ხშირად არის აღბეჭდილი მწვავე სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური საკითხები. ის ხშირად წარმოადგენს ავტორის სუბიექტურ ხედვას, აღქმას. ის თავისუფალი აუდიო-ვიზუალური ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც, თავისთავად, გააჩნია ეთიკური ნორმები, თუმცა თავისუფალია ფორმებსა და გამოხატვაში. 


როგორ იმოქმედებს კანონი ასეთ დოკუმენტურ კინოზე? კანონი ყველა ასეთ ფილმს გამოაცხადებს “უცხოური ძალის ინტერესის გამტარებლად”. როგორი ცინიზმია, არა? ავტორმა განავითარა იდეა, საკუთარი ხედვის მიხედვით გადაიღო ფილმი, კაპიკ-კაპიკ მოაგროვა საბოლოოდ მაინც არასაკმარისი დაფინანსება; და მაინც, კანონი ამბობს, რომ ფილმი თითქოს რაღაც აბსტრაქტული ძალის ინტერესს ატარებს, თითქოს ეს იდეა მისი სულაც არ ყოფილა, თითქოს ავტორი უბრალო ინსტრუმენტია უცხო ძალის ხელში, თითქოს მას საკუთარი აზრი არ გააჩნია. ალბათ ხვდებით, ინდივიდუალიზმის როგორი გამოცლაა ეს კანონი. 


არსებობენ ასევე ორგანიზაციები, რომლებიც არ აწარმოებენ კინოს, მაგრამ მის გავრცელებაში თუ ამ სფეროში პროფესიული განათლებით არიან დაკავებული. ამ ორგანიზაციებისთვისაც დაფინანსების ძირითადი ნაწილი ქვეყნის გარედან მოდის.


და რას გვეუბნება ეს კანონი? რომ თუ კინოფესტივალი აჩვენებს ფილმს, მაგალითად, ადამიანის უფლებების, პოლიტიკური ძვრების, პირადი დრამების, თუ უბრალოდ პოეზიის შესახებ, ეს რაღაც საერთაშორისო ძალის ინტერესია და არა ფესტივალის ორგანიზატორების ან ქართველი მაყურებლის. 


ან თუ რომელიმე პროფესიული დახელოვნების კურსი ქართველ ავტორებს და პროდიუსერებს კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება, კანონის მიხედვით, ესეც უცხოური ძალის ინტერესი გამოდის და არა საქართველოს მოქალაქეების.


ეს კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რომელიც სიტყვა “გამჭვირვალობასაა” ამოფარებული, რეალურად ლეგიტიმაციას ართმევს საკუთარ მოქალაქეებს, საკუთარ აზრს საკუთარი დაარქვან. ამიტომაც არის ეს კანონპროექტი მიმართული კრიტიკული აზრის და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ.


 

სალომე ჯაში ქართველი დოკუმენტური კინოს რეჟისორია. არის ავტორი ფილმებისა "მოთვინიერება", "დაისის მიზიდულობა", "ბახმარო", "ლიდერი ყოველთვის მართალია" და სხვა. მისი ფილმები ნომინირებული ყოფილა ევროპის კინოაკადემიისა და აზია-წყნარი ოკეანის კინოაკადემიის ჯილდოებზე. არის ბერლინის სახელოვნებო პრიზის მფლობელი და ევროპის კინოაკადემიის წევრი.


bottom of page